სახის მასაჟი

ცერა თითები მიიდეთ წარბებს ზემოთ და მსუბუქი დარტყმებით ამოძრავეთ შუბლის ცენტრალური ნაწილიდან საფეთქლებისკენ. შემდეგი პროცედურაც ანალოგიურად ჩაიტარეთ, ოღონდ ოდნავ ზემოთ და ასე თანდათანობით მთელი შუბლის მასაჟი გაიკეთეთ.
დიდი და საჩვენებელი თითები მსუბუქი მოჭერითი მოძრაობებით გაატარეთ წარბზედა უბანზე ცხვირის ფუძიდან საფეთქლებისკენ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.
საჩვენებელი, შუა და არათითების წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები.

შეტყუპებული თითების ბალიშები მსუბუქად გადაისვით სახეზე ცხვირიდან ლოყისკენ, შემდეგ კი ყურისკენ.
ცერა და საჩვენებელი თითები მოჭერითი მოძრაობით გაატარეთ ქვედა ყბიდან ნიკაპისკენ. შემდეგ თითის ბალიშების წრიული მოძრაობით გაიკეთეთ ყბის კუნთების მასაჟი.
ცერა და საჩვენებელი თითებით გაქაჩეთ ყურის ბიბილო. ასეთივე პროცედურა ჩაატარეთ მთელ ყურზე. შემდეგ საჩვენებელი, შუა და არათითებით გაიკეთეთ ყურის უკანა ძვლის მასაჟი.
ხელისგულები მიიდეთ ლოყებზე და ამოძრავეთ ყურებისკენ.
ხელისგულები მიიდეთ შუბლზე და ამოძრავეთ ყურებისკენ.
ყურებზე მჭიდროდ მიიფარეთ ხელისგულები და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ.
ხელები რამდენიმე წუთით დაიდეთ თვალებზე.
ცერა თითები ოდნავ შეახეთ ქუთუთოებს და ფრთხილი მოძრაობით გაატარეთ საფეთქლებისკენ.
თითის ბალიშებით შეეხეთ შუბლის ქვედა კიდეს და ამოძრავეთ ზედა კიდისკენ, შემდეგ – პირიქით. ბოლოს თითებით “დაივარცხნეთ” თმა მთელ სიგრძეზე.

ბონუსად ვიდეო:)

N.G.

Posted in სხვადასხვა | Tagged , | დატოვე კომენტარი

იდეალური დუნდულები

ნუ დახარჯავთ დროს სარეკლამო საშუალებების ყიდვაზე და ტესტირებაზე, რომლებიც მაგიური ძალით გაგიმკვრივებთ დუნდულებს და გააქრობს ცელულიტს.  ამისათვის საჭიროა მხოლოდ უმარტივესი ვარჯიშის შესრულება და სწორი კვება.

1 –  ჩქარი სიარული
იმის მაგივრად, რომ ნელა ისეირნოთ როდესაც მიდიხართ სადმე, უმჯობესია ავარჯიშოთ დუნდულების კუნთები და იარეთ ჩქარა.

2 – დაჭიმეთ დუნდულები
როცა ზიხართ ოფისში ან სახლში, ამავდროულად თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ უმარტივესი ვარჯიში. უბრალოდ იჯდებით თუ იდგებით არ აქვს მნიშვნელობა, დაჭიმეთ დუნდულები, გაჩერდით ასე რამოდენიმე წამი, შემდეგ მოეშვით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, პერიოდულად.

3 – სირბილი წყალში
ეს ვარჯიში განკუთვნილია მათთვის ვინც დადის ცურვაზე ან ზაფხულის დროისთვის, როცა იმყოფებით ზღვაზე. წყალში ყოფნისას (წყალი უნდა გწვდებოდეთ მკერდამდე) ირბინეთ რამდენსაც შეძლებთ და სულ მალე თქვენ მიაღწევთ საუკეთესო შედეგს.

Diana🙂

| Tagged , | %(count)s კომენტარი

იხილეთ ვიდეო

თაკუსიასგან

Posted in სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში

მაინც რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში? ჩვენი ეროვნული სამზარეულოს სტანდარტები, არასწორად ორიენტირებული გემოვნებითი მიდრეკილებები, ჩვენივე გაუნათლებლობა იმ მხრივ, რომ არ ვიცით, სინამდვილეში რა არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, საფულის სისქე თუ სურსათის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობა? ალბათ, ყველაფერი ერთად. თითქოს ყველამ იცის, რომ კვება ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორია, მაგრამ შედეგები სავალალოა, სტატისტიკა – სამწუხარო. რამდენი ჩვენი თანამემამულე იტანჯება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით! აქამდე კი უმთავრესად არასწორად შერჩეულ რაციონს მივყავართ. ასე წარმოიშობა ათეროსკლეროზი, თრომბოზი, ჰიპერტონიული დაავადება და ისინი გვხვდება ყველგან, განურჩევლად იმისა, როგორია ოჯახის ბიუჯეტი.
ამ სამწუხარო რეესტრს დავუმატოთ ონკოლოგიური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სნეულებანი, შაქრიანი დიაბეტი – ამაშიც საგრძნობი წვლილი შეაქვს არაჯანსაღ კვებას. ცივილიზაციის სიკეთეებმა მოძრაობის აუცილებლობა მოგვისპო. დღეს ყველაზე დიდ ტრაგედიად ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის დაკარგვა მიგვაჩნია – გადასართველად ხომ ფეხზე წამოდგომა დაგვჭირდება! ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდანახარჯი დღეში 1000 კკალ-ით დაეცა. ახლა ქალი 2000კკალ-იას ხარჯავს, მამაკაცი – 2300 კკალ-იას. ერთი სიტყვით, დილემის წინაშე ვდგავართ: საკვების როგორც ენერგიის წყაროს მიმართ მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ როგორც იმ პლასტიკური მასალის მატარებლის მიმართ, რომლისგანაც სინთეზირდება ჩვენი უჯრედები და მოლეკულები – იგივე დარჩა. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები – ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები – ჩვენ ადრინდელი მოცულობით გვჭირდება. შევამცირებთ რაციონს – ვეღარ მივიღებთ ბიოაქტიურ კომპონენტებს. ხორბალში B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა როგორიც ათასი წლის წინ იყო, ისეთივე დარჩა, არც ფოთლოვან ბოსტნეულში ფოლიუმის მჟავას შემცველობას მოუმატია. გამოდის, რომ ჩვენ ევოლუციურად გავუსწარით ბუნებას და მასთან კონფრონტაციაში შევედით. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების 20%-ს კვების მრეწველობა გვართმევს და ჩვენს სუფრაზე რაფინირებული პროდუქტები ხვდება. მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური უკვე ვეღარ აძლევს ადამიანს საკვებ ბოჭკოებსა და B ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომაც არის, რომ ჩვენი თანამემამულეების 80-100%-ს C ვიტამინის დეფიციტი აქვს, 60-80%-ს აკლია B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, 30 წელს გადაცილებული ქალების 50 და მამაკაცების 70%-ს, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 20%-ზე მეტს სიმსუქნის პრობლემა აქვს.

როგორ მოვიქცეთ?
აუცილებელია, შემუშავებულ იქნეს სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია მოსახლეობის ჯანმრთელი კვების შესახებ. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომლებიც დაგვეხმარება, საკუთარ თავში კვების ახალი კულტურა აღვზარდოთ. ამ კონცეფციის რეალიზაციაში უნდა ჩაერთონ ჰიგიენის სპეციალისტები, დიეტოლოგები. მათ უნდა ჩაატარონ ვრცელი სამუშაო, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება მოსახლეობის კვების სტრუქტურების გაუმჯობესება. უნდა გატარდეს ღონისძიებები სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებად, დაინერგოს ვიტამინებით, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით მდიდარი პროდუქტები, დაისახოს ბავშვთა კვების პრიორიტეტები, შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამები ჯანმრთელი კვების მიმართულებით არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც. ადამიანები ბავშვობიდანვე უნდა განათლდნენ, ბავშვის დაბადებამდე უნდა ვასწავლოთ დედას, რომ თუ ორსულობის პირველივე დღეებიდან მიიღო ფოლიუმის მჟავა, თავიდან აიცილებს ნაყოფის დაღუპვის, შესაძლო სიმახინჯეებისა და მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს. დღეს ბევრს აქვს იოდის დეფიციტი. თუ უფროსებს ეცოდინებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაღაზიაში აუცილებლად შეარჩევენ ბავშვისთვის იოდიან მარილს – ის ხომ აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის, ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებისთვის.

უნდა გავზარდოთ თუ არა ფიზიკური დატვირთვა?
აუცილებლად! ვარჯიში საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამ გზით პრობლემა არ მოგვარდება. ერთი ნაჭერი ძეხვისა და ამდენივე ნამცხვრის “დასაწვავად” ადამიანს 2 საათი სირბილი ან 5 საათი სიარული მოუწევს. დამეთანხმებით, ასეთი რეკომენდაციის შესრულება რთულია.

შევეკამათოთ ბუნებას
შესაძლებელია, შეიქმნას პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაც შეცვლილი იქნება. დღეს მრავალი საწარმო სთავაზობს მომხმარებელს მსგავს სიახლეებს. როდესაც რძეს აცილებენ ცხოველურ ცხიმს, რომელიც დიდი ოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, მცირდება ათეროსკლეროზის საფრთხე და არც პროდუქტი კარგავს ადრინდელ გემოს; სულ 1 ჭიქა წვენი, მდიდარი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ავსებს ვიტამინების დღეღამურ მოთხოვნილებას; ცოცხალი ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, საკვები ბოჭკოები, რომელთაც სპეციალურად უმატებენ კეფირს, მაწონსა და იოგურტს, გაზარმაცებულ კუჭ-ნაწ ლავს ეხმარებიან.

როგორ შევაჩვიოთ ადამიანი ასეთი პროდუქტების შეძენას?
საამისოდ ეტიკეტის წაკითხვა უნდა ვიცოდეთ. როცა სურსათს ხელში ავიღებთ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვადას. შემდეგ უნდა დავინტერესდეთ კალორიულობით, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მარილის შემცველობით. ნუ მოგხიბლავთ მინიშნება “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი” – ეს ხშირად წმინდა წყლის კომერციული სვლაა. სპეციალისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ცხიმს, შაქარს და ქიმიურ დანამატს შეიცავს.

როგორი დიეტაა მისაღები?
ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს არავითარი დიეტა არ სჭირდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვების მრავალფეროვნებას და ზომიერებას. მიღებული ოდენობა ჩვენს ენერგოდანახარჯს უნდა შეესაბამებოდეს. მწვანილი, ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), კენკრა და ხილი დღეში 400-600 გრამი უნდა მივირთვათ, უმჯობესია, უმი, შეიძლება მოხარშულიც. აუცილებელია ბურღულისა და ფქვილის ნაწარმი – ფაფები, პური (უმჯობესია, დაცეხვილი მარცვლეულისა იყოს). ახალგაზრდა ორგანიზმს, რა თქმა უნდა, სჭირდება რძისა და ხორცის პროდუქტებიც, ოღონდ მასში ნაკლები უნდა იყოს ცხიმი – ისინი ცილის წყაროა, ხოლო 40 წელს გადაცილებულებისთვის რეკომენდებულია, ხორცი ხშირად შეცვალონ თევზით. ნუ დაივიწყებთ წვენებს.

Diana🙂

| დატოვე კომენტარი

Fast food – სწრაფი კვება

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.


ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:

  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.

რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.


როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:

  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.

Diana🙂

| დატოვე კომენტარი

Don’t let drugs destroy you

N.G.

Posted in No! No! No! | დატოვე კომენტარი

მადის გამქრობი ნარევი

წარმოგიდგენთ მადის დამთრგუნველ ნარევს, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება სახლის პირობებში.

აიღეთ ბანანისა და მწვანე ვაშლის ნაჭრები, ფოთლებიანი პიტნის ღერო და ცოტა ვანილი. შეურიეთ ერთმანეთს და მოათავსეთ ალუმინის პატრა ტაფაში, დაუმატეთ  1 სადილის კოვზი ზეთი.  შეაცხელეთ ცეცხლზე და ეს მასა მინის ჭურჭელში ჩაასხით.

მაშინვე როგორც კი შიმშილს იგრძნობთ ან ჭამამდე 15 წუთით ადრე , 10 – 15 ჯერ შეისუნთქეთ ამ ნარევის სურნელი და მადის დაკარგვას სულ რამდენიმე წუთში იგრძნობთ.

თაკუსიასგან

Posted in სხვადასხვა | Tagged | დატოვე კომენტარი

მზე და კანის მოვლის აუცილებელი წესები

ჩვენთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მზე კანისთვის ძალზედ საზიანო UVA და UVB სხივებს შეიცავს. მიუხედავად ამისა აქტიური დამსვენებლების უმეტესება უგულველყოფს ამ ფაქტს და საშიში დაავადებების პოტენციური მსხვერპლი ხდებიან. კერძოდ კი, ზედმეტი მზე იწვევს ნაადრევ დაბერებას და კანის კიბოს. მზისგან დამცავ კრემებსა და ლოსიონებს კი საკმაოდ მარტივად შეუძლიათ აგარიდონ ამ საშიშროებებს.

რომელი დონის დაცვა უნდა გამოიყენოთ?

არსებობს ათასნაირი კრემი, რომელიც გიცავთ მზისაგან, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს მზის პროტექციის ფაქტორი, ან უბრალოდ და მოკლედ – ”სპფ” . რაც უფრო მგრძნობიარე ხართ მზის სხივების მიმართ, მით უფრო მეტი უნდა იყოს სპფ-ის დონე. ზოგადად კი სპფ 15 ნიშნავს, რომ ამ დონის დამცავი კრემი საშუალებას გაძლევთ 15-ჯერ უფრო მეტ ხანს გაჩერდეთ მცხუნვარე მზეზე, ვიდრე კრემის გარეშე იქნებოდით.

ქერა, თეთრი კანის მქონე ადამიანებმა უფრო მაღალი დონის დაცვით უნდა ისარგებლონ – სპფ 20-დან და უფრო მეტიც, მითუმეტეს, თუ დიდი ხანია არ გარუჯულან და ახლა იწყებენ მზეზე მიფიცხებას. მუქი ტონის კანის პატრონებს კი თამამად შეუძლიათ ნაკლები სპფ გამოიყენონ და მეტი ხანი დაჰყონ მზეზე.

წესები, რომელიც უნდა გვახსოვდეს

იმისთვის, რომ მზის კრემმა იმოქმედოს და დაიცვას თქვენი კანი და ჯანმრთლობა, სწორად უნდა გამოიყენოთ იგი
·    კრემი, გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა წაისვათ კანზე
·    ყოველ 2 საათში ერთხელ აუცილებლად უნდა მოხდეს კრემის ხელმეორედ წასმა, სპფ-ის დონის მიუხედავად. ცურვისას, მოძრაობაში და შეხებისას, კრემი ნელ ნელა ილევა.
·    კარგად და თანაბრად წაისვით კრემი მთელს ტანზე, არ დაგავიწყდეთ ყურები, თავი, ხელები და ტერფები. ისარგებლეთ სპეციალური ტუჩსაცხით, რომელსაც სპფ დაცვა აქვს.
·    გახსოვდეთ, თხელ, ბამბის ტანსაცმელშიც ადვილად ატანს მზე, ამიტომ ამ შემთხვევაშიც აუცილებელი კრემი მაისურის ქვეშ.
·    ბევრ პროდუქტს აწერია, რომ იგი წყალგამძლეა და ბანაობას უძლებს. სინამდვილეში, ეს სულ მთლად სიმართლე არაა და რეკომენდირებულია წყლიდან ამოსვლისას კრემის ხელახალი გამოყენება.
·    კრემის გამოყენება თანაბრად უნდა მოხდეს მთელს სხეულზე, ხოლო განსაკურებით მგრძობიარე ადგილებზე: სახე, ცხვირი, ყურები ცოტა მეტი უნდა წაისვათ.
·    კარგად დააკვირდით ვარგისიანობის თარიღს. დროთა განმავლობაში მზისგან დამცავი კრემები კარგავენ ეფექტურობას. გარდა ამისა, ნუ დატოვეთ კრემს მზეზე, რადგან დიდ სიმხურვალეზე იგი ფუჭდება.

კანის მოვლა ზაფხულში საკმაოდ სერიოზული საქმეა, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს…

კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა…

თუ ღია ფერის კანი გაქვთ, ქერა ან წითური თმები, ცისფერი ან მწვანე თვალები – თქვენ იმყოფებით განსაკუთრებული რისკის ზონაში! თქვენ განსაკუთრებულად უნდა მოერიდოთ მცხუნვარე მზეს. გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და დიდი ხნის ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ. მზისგან დამცავი კრემის გარდა აუცილებელია:

·    მოერიდეთ მზეს პიკის საათებში (დილის 10-დან შუადღის 4 საათამდე).
·    თუ გარეთ გასვლა გიწევთ, დაიხურეთ მზისგან დამცავი ქუდი, რომელიც სახეს დაგიჩრდილავთ.
·    მზის სათვალის გარეშე გარეთ არ გახვიდეთ. ეცადეთ ისეთი სათვალე იშოვოთ, რომელიც 100%-ით დაბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს. გახსოვდეთ, რომ შეიძლება სათვალე იყოს მუქი, მაგრამ მან ვერ დაგიცვათ მზისაგან, ამიტომ იყიდე კარგი სათვალე სანდო ბრენდისგან.
·    მოერიდეთ ხელოვნურ გარუჯვას. სოლარიუმები მზეზე ბევრად უარესია. საუკეთესო ალტერნატივაა ავტო-გარუჯვის კრემები, რომელიც კანის ფერს მავნე სხივების ზემოქმედების გარეშე ცვლის და უვნებელია ჯანმრთელობისთვის.
გამოიჩინეთ ყურადღება

თუ კანზე ცვლილებები შენიშნეთ, გაჩნდა ხალები ან ლაქები, ისინი იცვლიან ფორმას ან ფერს, კანი გაუხეშებულია და გამონაზარდები აღინიშნება – აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ კანის ექიმს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმერება ბევრად მეტ შანს გაძლევთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი სიცოცხლე.

N.G.

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , | %(count)s კომენტარი

რჩევები

თუ სლოკინი აგივარდათ
ყველაზე მარტივი გზაა, ნელა, დიდი ყლუპებით დალიოთ ცივი უგაზო წყალი.
არ გიშველათ? დაჯექით, ხელები გულმკერდზე შემოიჭდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, წელში მოიხარეთ და რაც შეიძლება მეტხანს შეიკავეთ სუნთქვა. წესით, უნდა გიშველოთ.
გიშველით დაფნის ეთერზეთიც _ უნდა შეისუნთქოთ შეტევის დროს.


გულყრის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
8სასწრაფოს მოსვლამდე ავადმყოფი დააწვინეთ ზურგზე, თავქვეშ ამოუდეთ მუთაქა ან დაგორგლილი ტანსაცმელი.
თავი გვერდზე მიუბრუნეთ და თუ მაღალზე წევს, თვალყური ადევნეთ, რომ არ გადავარდეს.
შეუხსენით გულისპირი და შუბლზე დაადეთ ცივი ტილო.
ასუნთქეთ მკვეთრსუნიანი ნივთიერება _ სუნამო, ოდეკოლონი.
ცერი და ნეკა თითი ძლიერად დაუზილეთ.
ეფექტურია ძლიერი დაწოლა ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის.


ცხვირიდან სისხლდენის დროს
არ დაწვეთ, თავი უკან არ გადასწიოთ და ცხვირი ტამპონებით არ ამოივსოთ. დაჯექით, თავი ოდნავ დახარეთ და ცხვირის ფუძეზე დაიდეთ ყინული, თუ არ გაქვთ _ ცივ წყალში დასველებული ცხვირსახოცი. ამის შემდეგ მჭიდროდ მიაბჯინეთ ნესტოები ცხვირის ძგიდეს და 2-3 წუთი ასე დარჩით. ამ ხნის განმავლობაში თანაბრად ისუნთქეთ პირით.


გულისრევის დროს
თუ არც ორსულად ხართ, არც დაგილევიათ და არც საეჭვო კერძი გიჭამიათ, მაშინ გულისრევა კუჭის მოტორიკის დარღვევას უნდა დავაბრალოთ. უბრალო ენით რომ ვთქვათ, კუჭში გადაუმუშავებელი საკვები დაგროვდა. კუჭის მოტორიკა რომ გაძლიერდეს, საჭიროა ბუნებრივი დამჟანგველები _ შტოში, ხურტკმელი, ბროწეული, წითელი მოცვი. კარგი იქნება, თუ უზმოზე რძეგარეულ გოგლიმოგლს დალევთ. გულისრევას აცხრობს პიტნის ნახარშიც. არცთუ იშვიათად გულისრევას იწვევს წნევის სწრაფი ცვალებადობა, რაც, თავის მხრივ, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის ბრალია.


თვალები დაგეღალათ და გაგიწითლდათ…
ჩაიწვეთეთ ხელოვნური ცრემლი, ინოქსი ან ვიზინი. თუ არ გაქვთ, ბამბის ფთილა დაასველეთ მუქ ჩაის ნაყენში (ნაყენი გრილი ან ნელთბილი უნდა იყოს), დაიდეთ ქუთუთოებზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შეშუპებული ქუთუთოები დაცხრება, თუ ზედ ქორფა კიტრის პატარა ნაჭრებს დაიდებთ.


კბილი აგტკივდათ…
პირში გამოივლეთ თბილი სოდიანი წყალი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) ან მტკივან კბილზე მიიდეთ ვალოკორდინში დასველებული ბამბა.

ზღვის ავადმყოფობამ შემოგიტიათ…
თუ რწევისას (საქანელაზე, ტრანსპორტში) ცუდად ხდებით, უმჯობესია, მუდამ თან იქონიოთ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები (ავია-მორე, აერონი, ფენატინი, დრამინა). მათი უქონლობის შემთხვევაში მცირე ყლუპებით დალიეთ გრილი მინერალური წყალი ან რაიმე კისელისმაგვარი სითხე. კარგია შტოშის, წითელი მოცვის, ბროწეულის წვენი. გულისრევის შეტევას აცხრობს ციტრუსის (ფორთოხლის,  მანდარინის, გრეიპფრუტის) სუნიც. უკიდურეს შემთხვევაში დაღეჭეთ მენთოლიანი საღეჭი რეზინი. კიდევ ერთი: თუ გრძნობთ, რომ შეიძლება გული აგერიოთ, თავის შეკავებას აზრი არ აქვს _ ეს პროცესი არაკონტროლირებადია.

Diana🙂

| დატოვე კომენტარი

ყველაფერს თავისი დრო აქვს

ექსპერტთა აზრით, დღის განსაზღვრული რეჟიმის დაცვა  ორგანიზმს ნორმალური და “შინაგან  საათთან” შეთანხმებული ფუნქციობის საშუალებას მისცემს. ისინი დღის ასეთ განრიგს გვთავაზობენ:
6:00 – სექსი. ჩვეულებრივ, სქესობრივი ურთიერთობისთვის საღამოობით ან ღამით იცლიან, მაგრამ იდეალურია დილის 6 საათი, რადგან ამ დროს ორგანიზმში ჰორმონების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდება.
7:00 – საუზმე. ღამის ძილის შემდეგ  აუცილებელია კვება. ორგანიზმს ამ დროისთვის უკვე დახარჯული აქვს  ცხიმისა და გლუკოზის მთელი მარაგი, რის გამოც ტვინი ცუდად მუშაობს, ადამიანს კი სისუსტის შეგრძნება ეუფლება. ნოყიერი და სასარგებლო საუზმე ორგანიზმს  ყველა აუცილებელი ნივთიერებით უზრუნველყოფს, ადამიანიც მთელი დღე ხალისიანად და მხნედ იქნება. სპეციალისტები გვირჩევენ, დილის რაციონში აუცილებლად ჩავრთოთ ბურღულის ფაფა, რადგან ის სიმაძღრის შეგრძნებას დიდხანს შეგვინარჩუნებს.
7:15 – მულტივიტამინების მიღება. ზოგიერთი საკვები ნივთიერება, მათ შორის – ბ ჯგუფის ვიტამინები, ორგანიზმზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს, ამიტომ მათი მიღება დილით ჯობს. მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება საკვები დანამატების მშიერ კუჭზე მიღება, თორემ ისინი თითქმის მთლიანად  გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად და სისუსტის შეგრძნებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ნასაუზმევს კვებითი დანამატების მისაღებად საუკეთესო დროა.
7:30 – კბილების გახეხვა. ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, პროფესორი დემიენ ვოლმსლეი, გვირჩევს, კბილები ჭამიდან 30 წუთის განმავლობაში გავიხეხოთ, ვიდრე ჭამის შემდეგ პირის ღრუში დარჩენილი მჟავები კბილის მინანქარს საგრძნობ ზიანს მიაყენებდნენ.
8:30 – მზის აბაზანები. ბევრი სამსახურში ისეთ დროს მიდის, როცა მზეს ჯერ კიდევ არ მოუკრებია ძალა, თანაც მთელ დღეს ოფისში ატარებს, სადაც მეტწილად ხელოვნური განათებაა. მზის სხივები კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ჯერ ერთი, ორგანიზმს “შინაგანი საათის” გადაწყობა-დარეგულირებაში ეხმარება, მეორეც, სიგნალს აძლევს იმ ჰორმონთა გამომუშავების შესაწყვეტად, რომლებიც ადამიანს ძილს ჰგვრის. გარდა ამისა, სინათლე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. იგი ორგანიზმში დ ვიტამინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ხოლო კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას აფერხებს. ასე რომ, დილის გასეირნება ძალიან სასარგებლოა, მაგრამ თუ ვერ მოახერხეთ, მზის აბაზანები ფანჯარასთან მიიღეთ – არც ეს იქნება ურიგო.
10:00 – იფიქრეთ რთულ ამოცანებზე. ტვინი  ყველაზე უკეთ დროის ამ მონაკვეთში მუშაობს – ადამიანი უკვე ნასაუზმევია, რის წყალობითაც ტვინში გლუკოზის მარაგი აღდგენილია.
11:00 – შედით საპირფარეშოში. ამ დროს თირკმელები ყველაზე აქტიურად მუშაობენ, ამიტომ  აუცილებლად უნდა მოშარდოთ. შარდის წარმოქმნის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, რას სვამთ; ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა დილას ყავით იწყებს, შარდის ბუშტი 3-4 საათში ივსება, შეკავება კი საშარდე გზების ინფექციების განვითარებას და კენჭების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
13:00 – ისადილეთ. ამ დროისთვის საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ძალიან კარგი იქნება მსუბუქი სადილი ცილებისა და ნახშირწყლების სწორი ბალანსით, რომლის წყალობითაც ადამიანი აქტიურობას ვახშმამდე შეინარჩუნებს. იდეალური ვარიანტია ცეხვილი პურის სენდვიჩი, თინუსი, მსუბუქი სალათი და ხილი.
13:30 – გაგზავნეთ მნიშვნელოვანი წერილები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა მესამედზე მეტს ე. წ. იმეილ-სტრესი აქვს – ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა სტრესს ჰგვრის. ბევრს ამის გამო წნევაც კი უწევს. თუ წერილებს ნასადილევს გაგზავნით, სტრესის ხარისხი გაცილებით დაბალი იქნება.
15:00 – გაისეირნეთ. სადილის გადამუშავების პროცესში შესაძლოა ძილი მოგერიოთ.  ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი სისხლის უდიდეს ნაწილს კუჭისკენ გადაისვრის. მაგრამ ამ დროს ძილი არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ღამით უძილობას გამოჰკრათ ხელი. გამოსაფხიზლებლად საკმარისია, 15-20 წუთი ისეირნოთ. თუ მზე ანათებს, ულტრაიისფერი სხივების აუცილებელ ულუფასაც მიიღებთ.
16:00 – ებრძოლეთ ტკივილს. დღის მეორე ნახევარში მას ყველაზე უკეთ გაუმკლავებით. ამ დროს აქტიურობის პიკს აღწევს ენდორფინი, რაც ტკივილის შეგრძნებას ამცირებს.
17:30 – ივარჯიშეთ. ამ დროს სხეულის ტემპერატურა ყველაზე მაღალია, რაც კუნთებს მაქსიმალურ ძალას, მოქნილობას და გამძლეობას სძენს. ზრდასრულმა ადამიანმა კვირაში 5 დღე 30-30 წუთი ზომიერ  ვარჯიშს უნდა დაუთმოს, ან კვირაში 3 დღე 20-20 წუთი – ინტენსიურ ვარჯიშს. ზომიერი ფიზიკური დატვირთვაა, მაგალითად, სწრაფი სია
რული, ინტენსიური კი სირბილი, ველოსიპედით რბოლა.
18:20 – გამოიცვალეთ ფეხსაცმელები. დღის განმავლობაში ფეხები შესაძლოა შეგიშუპდეთ. ეს ქსოვილებში სითხის დაგროვების ბრალია – დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით სითხე ფეხებისკენ მიედინება.
19:00 – და
ლიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ამ პერიოდში ღვიძლი ყველაზე უკეთ ანეიტრალებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას, ამიტომ ამ დროს მიღებული ერთი ჭიქა წითელი ღვინო ჯანმრთელობას მხოლოდ სარგებლობას მოუტანს.
19:30 – ივახშმეთ. სპეციალისტები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას საკვების მიღების დროს და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების მიღებას გვირჩევდნენ, მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არასათანადო დროს კვებამ შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს. ახლა სპეციალისტები გვირჩევენ, დაწოლამდე 3-4 საათით ადრე ვივახშმოთ, ამასთანავე, რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მივიღოთ – სისხლში შაქრის შემცველობის დარღვევამ შესაძლოა უძილობა გამოიწვიოს.
21:30 – მოემზადეთ დასაძინებლად. ძილის წინ შესრულებული ყოველგვარი ქმედება ძილის პროცესზე ახდენს გავლენას, ამიტომ ეცადეთ, დაწოლამდე ერთი საათით ადრე მშვიდ გარემოში მოდუნდეთ. ადამიანს საშუალოდ 7-8 საათი უნდა ეძინოს. უნდა დავწვეთ და ავდგეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ამ განრიგის მისაჩვევად 3-4 კვირა დაგჭირდებათ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღის ასეთი განრიგის დაცვა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია.

Diana🙂

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი